logo
ENG



"გადავიდეთ მოქმედებაზე" - ხაბეიშვილმა საზოგადოებას აქციებთან დაკავშირებით გეგმები გააცნო

07 თებ 202321:06
3 წუთის საკითხავი
 
"გადავიდეთ მოქმედებაზე" - ხაბეიშვილმა საზოგადოებას აქციებთან დაკავშირებით გეგმები გააცნო
ფორმულა/ვახო ქარელი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საზოგადოებას აქციებთან დაკავშირებით პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო.

ხაბეიშვილმა დააანონსა აქციები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მისი თქმით, 11 თებერვალს აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართება.

"პროტესტი უნდა იყოს რეალური, უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აპირებს ამას, სწორედ ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ყველა ქალაქში და რაიონში იქნება პროტესტი, მათ შორის მინდა ვუთხრა ჩემს ძმებს, დებს, მამებს, დედებს, მეგობრებს, ვინც მაგალითად ვერ ახერხებთ რაიონებიდან ჩამოსვლას, ადგილებზე იქნება საპროტესტო აქციები და მიიღეთ მონაწილეობა. უახლოეს პერიოდში, როცა მთელ საქართველოს მოვიცავთ, მე ვიქნები გარანტი იმის, რომ უზრუნველვყოფ, მათ შორის დიდ საპროტესტო მუხტს დედაქალაქში, თუმცა ამისთვის საჭიროა მომზადება, ბრძოლა და მოქმედება.

მე გთავაზობთ შემდეგ გეგმას და ნაციონალური მოძრაობა გთავაზობთ შემდეგ გეგმას. პირველი, ხვალ, 5 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან იქნება პროტესტი, დედაქალაქში მაცხოვრებელ მოქალაქეებს მოგიწოდებთ, მობრძანდეთ და დააფიქსიროთ პროტესტი. ასევე, 9 თებერვლიდან, ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონში და ბორჯომში, 13:00 საათზე, პარალელურ რეჟიმებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან გაიმართება სოლიდარობის აქციები. ცხადია, ადგილებზე ვიქნებით პოლიტიკური ლიდერებიც და მოემზადონ ადგილობრივი კორუმპირებულები და იცოდნენ, რომ მოსვენება არ ექნებათ. ასევე, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოში და ხაშურში, 13:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქციები და ყველა ადგილობრივს მოგიწოდებთ, მობრძანდეთ და დააფიქსიროთ სოლიდარობა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ და გამოხატოთ ბრაზი, რომ არ გინდათ რუსეთში. შაბათს, 11 თებერვალს, 15:00 საათზე, გელოდებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში. ბატონო ბიძინა, თქვენც, ირაკლი ღარიბაშვილიც, რატი ბრეგაძეც, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ამაგრებენ რუს ოლიგარქიულ რეჟიმს მოემზადეთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო", - თქვა ხაბეიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

 

მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.

 

საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

გუშინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პროტესტი იქნება ყოველდღიური. საპროტესტო ცენტრი იქნება თბილისში, თუმცა აქციები გაიმართება რეგიონებშიც.

 


close დახურვა